This is an example of a HTML caption with a link.

კრედიტის ჩათვლის წესი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტებით ჩათვლისა და შეფასების წესი

ზოგადი დებულებები:
ერთი კრედიტი ასახავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში;
სტუდენტის სასწავლო საქმიანობა მოიცავს:
ა) ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას;
ბ) პრაქტიკულ მეცადინეობას;
გ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;
დ) სასწავლო პრაქტიკას;
ე) საწარმოო პრაქტიკას.
სწავლების მეთოდები სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე გაწერილია სილაბუსებში.


1. სასწავლო დისციპლინისათვის გამოყოფილი კრედიტების ჩათვლა
1.1. კრედიტის ჩათვლა შესაძლებელია სტუდენტის მიერ მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
1.2. კრედიტის ჩათვლა შესაძლებელია სტუდენტის მიერ სხვა ავტორიზებული პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული კრედიტების დადგენილი წესით, დაწესებულების მიერ აღიარების გზით;

2. საკონტაქტო საათებზე სავალდებულო დასწრება
2.1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საკონტაქტო საათებზე დასწრება სავალდებულოა.
2.2. სტუდენტის მიერ, საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტისათვის (სასწავლო კურსი, სასწავლო ან საწარმოო პრაქტიკა და სხვა) გათვალისწინებული საკონტაქტო საათების 50%-ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში (მ.შ. საპატიო და არასაპატიო) მას უწყდება რეგისტრაცია ამ კომპონენტზე და ის უნდა გაიაროს თავიდან.
2.3 პრაქტიკა მოიცავს მხოლოდ საკონტაქტო საათებს.


3. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების ზოგადი წესი

1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

2. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და პროფესიულ სტუდენტს საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

3. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. პროფესიული სტუდენტის ცოდნა და უნარები ფასდება როგორც სწავლის პროცესში ასევე სასწავლო კურსის/პრაქტიკის დასრულებისას, რაც საშუალებას აძლევს თავისი ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს სასწავლო პროცესის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით და გზით. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შუალედურ შეფასებას;
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

4. შუალედური შეფასება თავის მხრივ მოიცავს: მიმდინარე შეფასების კომპონენტებსა (დასწრება/აქტიურობა,ზეპირი გამოკითხვა, ჯგუფში მუშობა, სემინარი, პრეზენტაცია და სხვ.) და შუალედურ შეფასებას ან/და შუალედურ შეფასებებს (გამოცდას), რათა უზრუნველყოფილი იქნას პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების სრულად შეფასება.

5. შეფასების კომპონენტების ხვედრით წილსა და შინაარსს, სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს კურსის ხელმძღვანელი სილაბუსში.

6. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შემოწმება ხდება სხვადასხვა ფორმატით: ტესტი, შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია და სხვ. ან შესაძლოა იყოს კომბინირებული და მოიცავდეს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტს, რომელთა ხვედრით წილსა და შინაარსს, სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს კურსის ხელმძღვანელი სილაბუსში.

7. პროფესიულ სტუდენტს, სასწავლო კურსში კრედიტი მიენიჭება, თუ შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის ქულათა დაჯამებით უგროვდება მინიმუმ 51 ქულა.

8. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

4. კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების პირობაა საგანმანათლებლო პროგრამის თეორიის კომპონენტის მოთხოვნების სრულად შესრულება და პრაქტიკის კომპონენტის დასკვნით გამოცდაზე წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღება.

საწარმოო პრაქტიკის დასკვნითი გამოცდა წარმოებს კომისიასთან, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან პრაქტიკის ხელმძღვანელები როგორც კოლეჯის, ასევე საწარმოს მხრიდან. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების სრულად შესრულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.