This is an example of a HTML caption with a link.

ისტორია

ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი საქართველოში არსებულ სამედიცინო სასწავლებელთა შორის ერთ-ერთი ძველი სასწავლო დაწესებულებაა, იგი დაარსდა 1928 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის მიერ.
ქუთაისში ამ დაწესებულების შექმნა განაპირობა ჯანდაცვის სისტემაში სამედიცინო კადრების ნაკლებობამ. მეცადინეობა სკოლამ დაიწყო საფერშლო-სამეანო სკოლის სახელწოდებით. სწავლა არსებობდა სამეურნეო ხარჯზე, სწავლების ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
1931 წელს მოხდა კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება. 1937-1938 სასწავლო წელს საფერშლო-სამეანო სკოლასთან გაიხსნა ორწლიანი მედდისა და საბაგო დის სპეციალობები, რომელმაც 2 წელი იმუშავა და გაუქმდა 1940 წელს.
სასწავლებელი პირველად ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შენობაში განთავსდა (ამჟამად ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი.) 1937 წელს სასწავლებელი გადავიდა 120 მოსწავლეზე სპეციალურად აგებულ შენობაში ცხაკაიას (ამჟამად პ.იაშვილის ქუჩაზე), აქვე იყო საერთო საცხოვრებელი რაიონიდან ჩამოსული 20 მოსწავლისთვის. აღნიშნულ შენობაში დაწესებულებამ დაჰყო 20 წელი. იმის გამო, რომ შენობა 1958 წელს გადაეცა ონკოლოგიურ დისპანსერს სასწავლებელი მრავალი წლის მანძილზე ხიზნად იყო სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. 1979 წელს კი დაფუძნდა კიევის ქ. №10-ში მდებარე შენობაში.
1993 წლიდან სასწავლებელში საბიუჯეტოსთან ერთად დაიშვა ფასიანი სწავლებაც, 1996 წლიდან, იგი სრულ სამეურნეო ანგარიშზეა.

განვლილი 86 წლის მანძილზე სასწავლებლს ხელმძღვანელობდნენ ქალაქისთვის თვალსაჩინო ცნობილი ექიმები, რომლებმაც ნათელი კვალი დატოვეს სასწავლებლის ისტორიაში.
სასწავლებლის პირველი დირექტორი იყო ილია კვიჟინაძე, შემდეგ სასწავლელის დირექტორად დაინიშნა სიმონ მაჭავაიანი. 1935-37 წლებში თეოფანე ჩაჩუა.
1944 წლიდან სასწავლებელს 28 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პავლე აბაშიძე.
1973-79 წლებში ვახტანგ გიორგაძე. 1979-86 წლებში თემურ ჩეჩელაშვილი. 1986-89 წლებში დავით ნიკოლეიშვილი.
1989 წლიდან დღემდე სასწავლებლის დირექტორია კიტა (დათო) ჭაჭიაშვილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შენარჩუნდა სასწავლებლის ტრადიციები, დაწესებულების შენობას მკვეთრად შეეცვალა იერ-სახე, კეთილმოეწყო აუდიტორიები და საერთო სარგებლობის სათავსოები.